„ორიენტ ლოჯიკს“ ახალი CTO ჰყავს. კომპანიის ტექნიკურ გუნდს დავით ბერაია უხელმძღვანელებს და მომხმარებლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შეთავაზებასა და მართვადი სერვისების დახვეწაზე იმუშავებს.
„ორიენტ ლოჯიკის“ ტექნიკური დირექტორის პოზიციამდე, დავით ბერაია წლების განმავლობაში საბანკო სფეროს IT მიმართულებით მუშაობდა. შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ბრენდის Dell Technologies-ის გუნდის წევრი გახდა, სადაც თავდაპირველად, უფროსი სისტემური ინჟინერი იყო, ოთხი ქვეყნის ბაზარზე: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა. შემდეგ, ჯერ Solution Architect-ის, მოგვიანებით კი, Advisory Solution Architect-ის პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც Dell-ში ასეთ მოკლე პერიოდში იშვიათობას წარმოადგენს. მსოფლიო დონის ტექნოლოგიურ კომპანიაში, დავით ბერაიამ 4.5 წელი გაატარა და საფუძვლიანად გაეცნო საერთაშორისო დონის სტანდარტებს, კულტურასა და გამოცდილებას.
Dell-ის საერთაშორისო გუნდის შემდეგ, დავით ბერაიასთვის განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა „ორიენტ ლოჯიკის“ ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელობა:
„თუ Dell-ში მხოლოდ Dell-ის პროდუქტებტან და გადაწყვეტილებებთან მქონდა შეხება, „ორიენტ ლოჯიკში“ ტექნიკურ გუნდს ოთხი მიმართულებით ვმართავ: ინფრასტრუქტურა, ქსელი, უსაფრთხოება და ახალი – მართვადი სერვისები. ეს განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის. ამიტომაც გადავწყვიტე დამეტოვებინა ტექნოლოგიური გიგანტი – Dell – და „ორიენტ ლოჯიკის“ 42 გამოცდილი პროფესიონალისთვის მეხელმძღვანელა.
კომპანიას ძალიან მეგობრული და შედეგებზე ორიენტირებული კოლექტივი ჰყავს. გუნდთან ერთად, მიზნად ვისახავთ გავაუმჯობესოთ მომხმარებლისთვის ტექნოლოგიური ყოველდღიურობა და კომპანიას უკეთესი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დავეხმაროთ“.
„ორიენტ ლოჯიკის“ ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე, დავით ბერაია მთავარ ამოცანებად მართვადი სერვისების დანერგვის გარდა, ბაზარზე მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებასა და ტექნიკური გუნდის განვითარებას ისახავს. გლობალურ ბაზარზე გაფართოებისთვის, ტექნიკური დირექტორი Dell-ში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებასაც გეგმავს:
„ორიენტ ლოჯიკი“ 28 წელია ბაზარზეა. ის ყოველწლიურად ვითარდება და რეგულარულად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს. ჩვენი მთავარი მიზანია, გავიმყაროთ პოზიცია, როგორც სანდო მრჩეველმა. საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება და „ორიენტ ლოჯიკში“ არსებული პროფესიონალური კომპეტენცია, დამკვეთებთან სანდოობის კიდევ უფრო გამყარებაში დაგვეხმარება. ვგეგმავთ, უფრო მეტი საბაზრო წილი დავიკავოთ საქართველოში და გავიდეთ მის ფარგლებს გარეთ, რისი დიდი პოტენციალიც გვაქვს“.
Comments