
Orient Logic-მა Red Hat-ის ტექნოლოგიებით EMIS-ის ინფრასტრუქტურა განაახლა
პროექტის დეტალები
კლიენტი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)სერვისი
Red Hat OpenShift-ის დანერგვაქვეყნები
საქართველოპროექტის აღწერა
COVID-19 პანდემიის საწყის ეტაპზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: საჭირო გახდა არსებული პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფი ადაპტაცია, რათა მოსწავლეებს დისტანციური განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
ცვლილებების საჭიროება განსაკუთრებით შეეხო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (EMIS), რომელიც ქვეყნის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს.
სამინისტროს IT გუნდთან თანამშრომლობით, Orient Logic-მა განახორციელა IT ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რომლის საფუძველიც გახდა Red Hat OpenShift და Red Hat Application Foundations (ყოფილი Red Hat Integration).
შედეგად, სამინისტრომ არა მხოლოდ უზრუნველყო დისტანციური სწავლების მხარდაჭერა, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ციფრული გამოცდილება. სისტემური შეფერხებები 99%-ით შემცირდა, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების დანერგვა რამდენიმე თვეში ერთხელიდან ყოველდღიურ პროცესად იქცა.
ახალმა IT გარემომ ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამინისტროს IT სპეციალისტების სამუშაო პირობები.
„Red Hat Application Foundations-ის დანერგვისა და მონაცემთა სინქრონიზაციის მოძველებული მექანიზმის ჩანაცვლების შემდეგ, სისტემას ერთხელაც არ ჰქონია მნიშვნელოვანი შეფერხება.“
დავით ტატიშვილი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ხელმძღვანელის მოადგილე
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამოწვევები
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის მოულოდნელი და მასშტაბური გამოწვევები შექმნა. საგანმანათლებლო დაწესებულებებს უმოკლეს დროში მოუწიათ სასწავლო პროცესების, რესურსებისა და არსებული სისტემების ახალ რეალობასთან ადაპტაცია.
გამონაკლისი არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოფილა. მალევე გამოიკვეთა, რომ არსებული პროგრამული უზრუნველყოფა დისტანციური სწავლების მასშტაბურ საჭიროებებს სრულად ვერ პასუხობდა.
საქართველოში განათლების სისტემა ცენტრალიზებულია და საჯარო სკოლები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. სასწავლო პროცესის მართვისთვის გამოიყენებოდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS), რომელიც მოიცავდა დავალებების, შეფასებების, განრიგებისა და სხვა საგანმანათლებლო პროცესების მართვის ფუნქციებს.
სისტემას დაახლოებით 600,000 მომხმარებელი ჰყავდა, რომელთაგან ყოველდღიურად 15,000-დან 20,000-მდე მომხმარებელი ერთდროულად იყო ავტორიზებული.
პანდემიამდეც კი EMIS-ს მომხმარებელთა პიკური დატვირთვის მართვა უჭირდა. განსაკუთრებით მაღალი დატვირთვა ყოველწლიურად პირველკლასელთა რეგისტრაციის პერიოდში ფიქსირდებოდა.
„წელიწადში ერთი დღე არსებობს, როდესაც მთელი ქვეყანა ცდილობს პირველკლასელების რეგისტრაციას“, — აღნიშნავს დავით ტატიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს EMIS-ის ხელმძღვანელის მოადგილე.
მისი განმარტებით, სისტემას ერთდროულად 100,000-მდე მომხმარებლის მომსახურება უნდა უზრუნველეყო, რაც ინფრასტრუქტურის მაქსიმალურ დატვირთვაზე გათვლას და მნიშვნელოვანი რესურსების მუდმივ მზადყოფნაში შენარჩუნებას მოითხოვდა.
სისტემების მონოლითური არქიტექტურისა და ერთმანეთზე მჭიდრო დამოკიდებულების გამო, მონაცემთა ინტეგრაცია ყოველდღიურად, ღამის საათებში, მონაცემთა ბაზების სინქრონიზაციის პროცედურებით ხორციელდებოდა. სინქრონიზაციის დასრულებამდე კი ყველა სისტემა დროებით უნდა გაჩერებულიყო.
„თვეში ერთხელ ან ორჯერ მაინც ფიქსირდებოდა სინქრონიზაციის შეცდომა, რის გამოც IT გუნდს მთელი ღამის განმავლობაში უწევდა მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად და სისტემის შეფერხების ან მონაცემთა დაზიანების თავიდან ასაცილებლად“, — განმარტავს მერაბ გოგოლაური, Orient Logic-ის პროგრამული უზრუნველყოფისა და Cloud ინფრასტრუქტურის დირექტორი.
სისტემის შეფერხებები მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევდა. მშობლები პრობლემების შესახებ აქტიურად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, მათ შორის EMIS-ის საკომუნიკაციო არხებსა და სოციალურ მედიაში.
„არსებული სისტემის პირობებში სწრაფი ცვლილებების განხორციელება თითქმის შეუძლებელი იყო ისე, რომ სხვა კომპონენტში პრობლემა არ წარმოქმნილიყო“, აღნიშნავს დავით ტატიშვილი.
არსებული სისტემების ახალ რეალობასთან სწრაფი ადაპტაციის აუცილებლობის გამო, სამინისტრომ მხარდაჭერისთვის Orient Logic-ს მიმართა.
„საჭირო იყო EMIS-ის სწრაფი ცვლილება და ადაპტაცია, რადგან სამინისტრო Microsoft Teams-ის საშუალებით დისტანციურ სწავლებაზე გადადიოდა. მოქნილი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და მოქნილი IT ინფრასტრუქტურა სამინისტროს პრობლემების შემცირებასა და სისტემებს შორის ინტეგრაციის საკითხების ეფექტიანად გადაჭრაში დაეხმარებოდა“, - განმარტავს მერაბ გოგოლაური.
Orient Logic-მა სამინისტროს EMIS-ის IT გუნდთან თანამშრომლობით დაიწყო განათლების სისტემის IT არქიტექტურის გარდაქმნა. პროექტის ტექნოლოგიურ საფუძვლად განისაზღვრა Red Hat OpenShift და Red Hat Application Foundations (ყოფილი Red Hat Integration).
პროექტის მთავარი მიზანი იყო მიკროსერვისებზე დაფუძნებული თანამედროვე არქიტექტურის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფდა სისტემის მეტ მოქნილობას, მასშტაბირებადობასა და განვითარების პროცესის დაჩქარებას.
Red Hat OpenShift გახდა აპლიკაციებს შორის მონაცემთა ინტეგრაციის ცენტრალური პლატფორმა, რომელიც სამინისტროს საკუთარ Cloud გარემოში ფუნქციონირებს.
თავის მხრივ, Red Hat Application Foundations უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას, API-ების მართვასა და უსაფრთხო ინტეგრაციას გარე სისტემებთან.
ცვლილებების შედეგად, პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესი მნიშვნელოვნად ავტომატიზდა.
„EMIS-ში ადრე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესი დიდწილად ხელით ხორციელდებოდა, ახლა კი ის სრულად ავტომატიზებულია. ზოგიერთი სისტემა ერთმანეთთან პირდაპირ API-ების საშუალებით არის ინტეგრირებული“, - აღნიშნავს მერაბ გოგოლაური.
„EMIS-ს შევთავაზეთ მომავალზე ორიენტირებული, ტექნოლოგიურად გამართული გადაწყვეტა Red Hat OpenShift-ის საფუძველზე. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ერთი სისტემის შეფერხება სხვა სისტემების ფუნქციონირებაზე გავლენას აღარ ახდენს.“ - მერაბ გოგოლაური
EMIS-ის ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განახლების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა სისტემის სტაბილურობა, რამაც დადებითად იმოქმედა საქართველოს მასშტაბით მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების მომხმარებლურ გამოცდილებაზე.
პროგრამული ხარვეზები სისტემის ფუნქციონირებას აღარ აფერხებს, ხოლო მონაცემთა სინქრონიზაციის პროცესი, რომელიც მანამდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„Red Hat Application Foundations-ის დანერგვისა და მონაცემთა სინქრონიზაციის მოძველებული მექანიზმის ჩანაცვლების შემდეგ, სისტემას ერთხელაც არ ჰქონია მნიშვნელოვანი შეფერხება“, აღნიშნავს დავით ტატიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასწავლო პროცესი კვლავ საკლასო გარემოში დაბრუნდა, საჭიროების შემთხვევაში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა უკვე შესაძლებელია იმ ტექნიკური პრობლემებისა და შეფერხებების გარეშე, რომლებიც COVID-19 პანდემიის პერიოდში არსებობდა.
„სისტემა დღეს გაცილებით მდგრადი და სტაბილურია“, - აღნიშნავს მერაბ გოგოლაური.
ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციამ და დანერგილმა ტექნოლოგიურმა გაუმჯობესებებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა IT სპეციალისტების ყოველდღიური საქმიანობა.
გუნდის წევრებს აღარ უწევთ ღამის საათებში სისტემური პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Red Hat OpenShift-ის კონტეინერიზებული არქიტექტურა და სისტემის წინა, სტაბილურ ვერსიაზე დაბრუნების (Rollback) შესაძლებლობა.
„EMIS-ს შევთავაზეთ მომავალზე ორიენტირებული, ტექნოლოგიურად გამართული გადაწყვეტა Red Hat OpenShift-ის საფუძველზე. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ერთი სისტემის შეფერხება სხვა სისტემების ფუნქციონირებაზე გავლენას აღარ ახდენს.
ნებისმიერი სისტემის ცვლილება სწრაფად და მარტივად ხორციელდება. პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მისი გავლენა მხოლოდ კონკრეტული კომპონენტით შემოიფარგლება, ხოლო EMIS-ს ერთი დაწკაპუნებით შეუძლია სისტემის წინა, სტაბილურ ვერსიაზე დაბრუნება“, - განმარტავს მერაბ გოგოლაური.
Red Hat OpenShift-ის დანერგვით შესაძლებელი გახდა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების თანამედროვე მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის CI/CD და GitOps პრაქტიკების დანერგვა. ამ ცვლილებებმა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისა და დანერგვის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა და დააჩქარა.
მანამდე პროგრამული განახლებების ხელით დანერგვას რამდენიმე საათი სჭირდებოდა, რის გამოც მათი მიწოდება პრაქტიკულად მხოლოდ რამდენიმე თვეში ერთხელ იყო შესაძლებელი. ახალი მიდგომის შედეგად, პროგრამული უზრუნველყოფის მცირე განახლებების დანერგვა დღეში რამდენჯერმეც კი გახდა შესაძლებელი.
„CI/CD და GitOps მიდგომების დანერგვამ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. ჩვენ ვქმნით პროგრამულ პროდუქტს, ხოლო Red Hat OpenShift ავტომატურად უზრუნველყოფს მის დანერგვას — საინჟინრო გუნდის დამატებითი ჩარევის გარეშე. ახლა შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის მცირე განახლებების დღეში რამდენჯერმე დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს განვითარების პროექტებს“, - აღნიშნავს მერაბ გოგოლაური.
პანდემიის პერიოდში მიღწეული შედეგების განვითარება და არსებული სისტემების მოდერნიზაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ახალი ტექნოლოგიური გარემოს დანერგვა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. EMIS-ის გუნდმა მიღებული შედეგების შესახებ გამოცდილების გაზიარება და Red Hat-ის ტექნოლოგიების სხვა სამთავრობო სტრუქტურებში დანერგვის რეკომენდაციაც დაიწყო.
„EMIS-ის გუნდი აქტიურად უზიარებს სხვებს საკუთარ გამოცდილებას და მიღწეული შედეგებით კმაყოფილებას გამოხატავს. მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან მიღებული არაოფიციალური უკუკავშირიც ძალიან დადებითია“, - აღნიშნავს დავით ტატიშვილი.
Orient Logic-ისთვისაც პროექტი მნიშვნელოვანი წარმატება იყო.
„მონაცემთა სინქრონიზაციის პრობლემა ჩვენთვისაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. მოხარული ვართ, რომ სამინისტროს ამ პროცესების გაუმჯობესებასა და უფრო წარმატებული შედეგების მიღწევაში დავეხმარეთ.
განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა კმაყოფილება, რადგან აპლიკაციების ფუნქციონირების შეფერხებები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება. ამასთანავე, შესაძლებელი გახდა აპლიკაციებში ახალი ფუნქციონალის ყოველდღიურად დამატება“, - განმარტავს მერაბ გოგოლაური.
პროექტის შემდეგი ეტაპი EMIS-ის მოძველებული ძირითადი სისტემების მოდერნიზაციას, მათ მიკროსერვისებზე დაფუძნებულ არქიტექტურაზე სრულად გადაყვანასა და ახალი ფუნქციონალის დანერგვას ითვალისწინებს.
„ჩვენ მივაღწიეთ უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას. Red Hat-ის ტექნოლოგიები დაფუძნებულია წამყვან ღია კოდის (Open Source) პროექტებზე და გვთავაზობს სისტემების ინტეგრაციის ფართო შესაძლებლობებს, რაც EMIS-ს მომავალში ნებისმიერი საჭირო სისტემის ინტეგრაციის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნავს მერაბ გოგოლაური.
